დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას კენჭს უყრის
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას კენჭს უყრის

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას კენჭს უყრის.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 12 დეკემბერს ითვალისწინებს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნას თემთა პალატის წევრთა ორი-მესამედის, ანუ 434 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

როგორც ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნამდე, ანუ 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თემთა პალატაში ბორის ჯონსონის მიერ ვადამდელი არჩევნებისთვის შერჩეულმა თარიღმა შესაძლოა, საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.

ამის პარალელურად, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები შეიკრიბებიან, რომლებიც ბრექსიტის თარიღის გადავადებაზე იმსჯელებენ. გასულ კვირას ევროკავშირი ბრიტანეთის ორგანიზაციის გასვლის გადავადებაზე შეთანხმდა, თუმცა ახალი თარიღი განსაზღვრული ჯერ არ არის. ვარიანტებს შორის 30 ნოემბერი, 31 დეკემბერი და 31 იანვარია.