დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, კიევი რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება 
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, კიევი რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება 

რუსი ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში მდებარე ნიკოლაევის გვერდის ავლასა და დასავლეთისკენ, ოდესის მიმართულებით წინ წაწევას ცდილობენ, იმის მიუხედავად, რომ მათ ძალებს, რომლებიც ყირიმიდან მიიწევენ წინ, ერთი კვირის განმავლობაში დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

„რუსეთის საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპიროების ბლოკირებას და ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე“, – აღნიშნეს სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინის სანაპიროების ბლოკადამ შესაძლოა, გააუარესოს ჰუმანიტარული მდგომარეობა უკრაინაში და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიწოდებას შეუშალოს ხელი.

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვის ცნობებით, შეტევითი ოპერაციების წარუმატებლობის მიუხედავად, კიევი რჩება რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ და ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს კვირებში სცადონ, უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევა.

რუსეთის ფედერაციის ძალების 2/3, რომელიც ქალაქისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიიწევდა, შეჩერდა. ჰოსტომელიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ჯარები უკრაინელების სასტიკმა წინააღმდეგობამ მოიგერია.