დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ თავდასხმას, რომლის განხორციელებასაც ირანი ჩვენი ქვეყნის ან ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გადაწყვეტს

16:02, 26.07.2026

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ ლონდონი ირანის მხრიდან გაჟღერებულ მუქარას არ შეუშინდება და ქვეყნისა თუ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერი შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში შესაბამის პასუხს გასცემს.

ბიბისისთან“ ინტერვიუში სტრიტინგი გამოეხმაურა ირანელი ოფიციალური პირების განცხადებას, სადაც ბრიტანეთი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების მხარდაჭერის გამო „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იყო მოხსენიებული. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მზად არის, ნებისმიერი საფრთხე მოიგერიოს.

„ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ თავდასხმას, რომლის განხორციელებასაც ირანი ჩვენი ქვეყნის ან ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გადაწყვეტს, და ამას მომავალშიც გავაკეთებთ”, – განაცხადა სტრიტინგმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ირანს ბრიტანეთზე თავდასხმა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამგვარ მუქარას „ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს“.

სტრიტინგმა კიდევ ერთხელ განმარტა ლონდონის პოზიცია და აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა აშშ-ს სამხედრო ბაზებზე მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების უფლება მისცა, სადაც ამერიკული პერსონალი და ავიაციაა განთავსებული, თუმცა ირანის წინააღმდეგ შეტევით სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენ არ შევუერთდით და არც შევუერთდებით აშშ-ის შეტევით სამხედრო ოპერაციებს ირანში. ამ საკითხზე ვაშინგტონისგან განსხვავებული პოზიცია გვაქვს. თუმცა როდესაც საქმე ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისა და კომერციული გადაზიდვების თავისუფლების უზრუნველყოფას ეხება, ჩვენი პოზიციები სრულად ემთხვევა“, – განაცხადა სტრიტინგმა.

მისივე თქმით, მომავალ კვირას აშშ-ის ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდება, რათა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილონ.

მსგავსი