დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი აცხადებს, რომ სავსებით ლეგიტიმური იქნება, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი აცხადებს, რომ სავსებით ლეგიტიმური იქნება, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი აცხადებს, რომ თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა „თაიმს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც საკუთარ საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა. შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, მისი საზღვრები დაერღვია და 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, და ამ ომში უკრაინას სჭირდება დარტყმა ოპონენტის ტერიტორიის სიღრმეში, რათა იერიში მიიტანოს ლოგისტიკურ ხაზებზე, საწვავის მარაგებზე, საკომუნიკაციო ობიექტებზე, და ეს არის ომის ნაწილი“, – განაცხადა ჯეიმს ჰიპიმ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინას ბელგოროდსა და ბრიანსკის რეგიონების მიმართულებით იერიშებში ადანაშაულებს. აღნიშნული რეგიონები უკრაინას ესაზღვრება.