დიდი ბრიტანეთის სასამართლო ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის განხილვას იწყებს
დიდი ბრიტანეთის სასამართლო ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის განხილვას იწყებს

დიდი ბრიტანეთის სასამართლო დღეს ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის განხილვას დაიწყებს. თავად ავსტრალიელი ჰაკერი და სკანდალურად ცნობილი ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ მისი ექსტრადირების მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ჯულიან ასანჟის ადვოკატი ამტკიცებს, რომ თუ მის კლიენტს აშშ-ში გაგზავნიან, ეს გამოიწვევს იმ პირების კრიმინალიზაციას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უკანონო საქმიანობას ამხელენ.

აშშ-ში ასანჟს 18 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორის არის სამთავრობო კომპიუტერულ ქსელში უკანონო შეღწევა და ჯაშუშობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟი ციხეში ათეულობით წელს გაატარებს.

„ვიკილიქსმა“ 2010 წელს გამოაქვეყნა აშშ-ის მიერ გასაიდუმლოებული ვიდეო, რომელშიც 2007 წელს ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიშია ასახული. ამერიკელი სამხედროების მიერ ვერტმფრენით განხორციელებული შეტევის შედეგად მაშინ ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სააგენტო „როიტერის“ ორი ჟურნალისტი დაიღუპა.

სკანდალურად ცნობილ ვებგვერდზე აშშ-ის მთავრობის არაერთი სხვა საიდუმლო დოკუმენტიც გამოქვეყნდა.

ავსტრალიელი ჰაკერი 2019 წელს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გააძევეს, რომელსაც ის 2012 წლიდან აფარებდა თავს. ამის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.