დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება
დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება. მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
1991 წლის შემდეგ ეს არის პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა. მოლაპარაკებების მიზანია დიდი ბრიტანეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
როგორც ბრიტანული მედია წერს, დიდ ბრიტანეთს სურს, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გააფორმოს ორმხრივი შეთანხმებები ისეთი სფეროებში, როგორებიცაა კრიტიკული მინერალები და მწვანე ეკონომიკა.
ამ ინიციატივების მიზანია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება და ცენტრალური აზიის რეგიონის მედეგობის გაძლიერება.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას.
ცნობისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით CA5+1-ის ფორმატის ამოქმედების შესახებ დისკუსიები 2023 წლიდან დაიწყო. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მაშინ მოამზადა ანგარიში, რომელშიც დეპუტატებმა რეკომენდაციით მიმართეს მთავრობას, მსგავსი შეხვედრა გამართოს, რათა უფრო სიღრმისეულად შეფასდეს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერის შესაძლებლობები.