დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტისა და იარაღის მომწოდებლების წინააღმდეგაა მიმართული
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტისა და იარაღის მომწოდებლების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი ავრცელებს.
„ეს სანქციები, ჩვენი უსაფრთხოების მხარდაჭერასთან ერთად, ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად“, – აცხადებს ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი.
„როიტერის“ ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებს, ასევე ელექტრონიკის, ქიმიკატებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიმწოდებელ იმ კომპანიებს ამოიღებს მიზანში, რომლებიც რუსული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.
ცნობისთვის, ახალი სანქციები რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე პასუხია. საუბარია უკრაინაზე იერიშების ინტენსივობის ზრდასა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრაზე.