დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ პიტერ მანდელსონის საქმეზე ყველა დოკუმენტი ჯერ კიდევ არ მიუღიათ
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ აშშ-ში ქვეყნის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის საქმეზე ყველა მასალა ჯერ კიდევ არ მიუღიათ, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმ საბუთებს, სადაც საუბარია, რომ მანდელსონმა ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, ამის შესახებ კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობას არ შეატყობინა.
თებერვალში პარლამენტარების მიერ ჩატარებული კენჭისყრის თანახმად, მთავრობას ევალება, სადაზვერვო და უსაფრთხოების კომიტეტს გადაუგზავნოს მანდელსონის საქმის ყველა დოკუმენტი, რომელიც, მისი შეფასებით, შეიძლება, ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დარჩენილი დოკუმენტები 10 აპრილამდე უნდა მიეღოთ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს დარჩენილი მასალა. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ კომიტეტს დადგენილ ვადებში წარუდგინა, კომიტეტმა პრიორიტეტული წესით განიხილა“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამ დოკუმენტებიდან არცერთი არ ეხება ელჩის გადამოწმების პროცესს.
ცნობისთვის, პიტერ მანდელსონი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს. გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო. ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.