დიდი ბრიტანეთის ქალაქ პორტსმუთში 140 არალეგალი მიგრანტის ჩასვლა გააპროტესტეს, აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს

14:24, 07.09.2026

დიდი ბრიტანეთის ქალაქ პორტსმუთში აქციის მონაწილეებმა ლა მანშის სრუტის გავლით 140 მიგრანტის ნავით ჩასვლა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, რომელიც ხელკეტებითა და ფარებით იმ სამგზავრო ავტობუსებს იცავდა, რომლებშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ.

პოლიციელებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისგან თავი აერიდებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს დააკავებდნენ.

მომიტინგეები, რომელთა ნაწილი შავ ტანსაცმელში იყო და ნიღაბი ეკეთა, აცხადებენ, რომ არ სურდათ, შესაბამის უწყებებს მიგრანტები ავტობუსებით სოფელ კენტში გადაეყვანათ. აქციის ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე მონაწილემ განაცხადა, რომ მიგრანტები ტერიტორიის დატოვებას ვერ შეძლებენ.

„ყველა გზა გადაკეტილია, ისინი აქედან გასვლას ვერასდროს შეძლებენ“, – განაცხადა დანიელ ტომასმა.

ქალაქ პორტსმუთის მოვლენებს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი. მისი თქმით, მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს. მან ასევე მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურებს.

„მშვიდობიანი პროტესტის უფლება ჩვენი დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია, მაგრამ მან ზღვარი არასდროს არ უნდა გადაკვეთოს. მადლობას ვუხდით საგანგებო სამსახურებს, რომლებიც ამ სიტუაციის უსაფრთხოდ მართვაზე მუშაობენ“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, მანამდე მიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დოვერის პორტთანაც გაიმართა. პროტესტი დიდ ბრიტანეთში არალეგალური მიგრაციისა და ლა მანშის სრუტის გავლით მცირე ნავებით ქვეყანაში ჩასვლის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მსგავსი