დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემის ცენტრში პოლიციელი დაჭრეს
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემის ცენტრში პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. ნოტინგემშირის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცველი ორ ეჭვმიტანილს მიუახლოვდა, რის შემდეგაც მას ესროლეს. პოლიციელს ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან. პოლიციის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია.
შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე კი პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. ნოტინგემშირის პოლიციის უფროსის მოადგილის, კლერ რუკასის განცხადებით, მომხდარი შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა საფრთხეებს აწყდებიან სამართალდამცველები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისას.
„მომხდარი შოკის მომგვრელია და გვახსენებს იმ პოტენციურ საფრთხეებს, რომლებსაც პოლიციელები საზოგადოების დაცვისა და სამსახურის დროს აწყდებიან. მიმდინარეობს გამოძიება და მუშაობა ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად. დღეს ჩემი ფიქრები დაშავებულ პოლიციელთან, მის ოჯახსა და კოლეგებთანაა. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვისაც დამატებითი ინფორმაცია აქვს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს. უმნიშვნელო ინფორმაციასაც კი გამოძიებისთვის, შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს”, – განაცხადა კლერ რუკასმა.