დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი საცოლე კერი საიმონდსი დაქორწინდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი საცოლე კერი საიმონდსი დაქორწინდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი საცოლე კერი საიმონდსი დაქორწინდნენ. შესაბამის ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს. ქორწინების ცერემონია ვიწრო წრეში საიდუმლოდ ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში გუშინ გაიმართა.

ბრიტანული მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქორწილის გეგმის შესახებ ჯონსონის ოფისის მაღალი თანამდებობის პირებიც არ იყვნენ ინფორმირებულები.

56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი საიმონდსმა გასულ წელს ნიშნობის შესახებ განაცხადეს. 2020 წლის აპრილში მათ ვაჟი – ვილფრედ ლოური ნიკოლას ჯონსონი შეეძინათ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, წყვილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ქორწილს მომავალ ზაფხულს აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს გამოცემა „სანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყვილის ახლობლებმა 2022 წლის ივლისისთვის დაგეგმილი ქორწილის მოსაწვევები მიიღეს.

ამჟამად, ინგლისში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ქორწილებზე 30-კაციანი შეზღუდვა მოქმედებს.

დატოვე კომენტარი