დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ქცევის წესების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობა გამკაცრდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ქცევის წესების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობა გამკაცრდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი ქცევის წესების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობა გამკაცრდება. როგორც რიში სუნაკისა და მისი მთავრობის მიერ ინიცირებული სამოქმედო გეგმის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საზოგადოებრივი ქცევის დამრღვევი პირები მაქსიმალურად სწრაფად დაისჯებიან, გაიზრდება ჯარიმები და გაძლიერდება ნარკოტიკებზე ტესტირება.

ამასთან, ადამიანებს, ვინც საჯარო სივრცეში ვანდალიზმს ჩაიდენს, ზიანის აღმოფხვრა 48 საათში მოუწევთ.

„ანტისაზოგადოებრივი ქცევის სამოქმედო გეგმა იძლევა გარანტიას, რომ აღნიშნულ პრობლემას სათანადოდ და დროულად მიექცევა ყურადღება. ყველა ფორმის ანტისაზოგადოებრივი ქცევისადმი ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო პოლიციას და ადგილობრივ მთავრობებს ექნებათ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად სჭირდებათ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესრელიზში.

რიში სუნაკის განცხადებით, გაფართოვდება პოლიციის პატრულირება ე.წ. ცხელ წერტილებში.

„ჩვენს საზოგადოებაში არსებობს უმცირესობა, რომელიც იწვევს არეულობას და თქვენ იცით, ვისზე ვსაუბრობ. თქვენ ყველამ ნახეთ, როგორ იკრიბებიან ბანდები, ეწევიან დესტრუქციულ საქმიანობას, ლოთობენ, არეულობას აწყობენ, ნაგავს ყრიან, ხატავენ გრაფიტს. ეს არ არის მისაღები. ჩვენ გავაფართოვებთ პოლიციის პატრულირებას ე.წ. ცხელ წერტილებში. ასევე, ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება ნარკოტიკების მიმართ“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

როგორც მთავრობის გეგმაშია აღნიშნული, მაგალითისთვის საჯარო სივრცეში გრაფიტის დახატვა 500-დან 1000 გირვანქა სტერლინგამდე ჯარიმით დაისჯება.

ასევე, მეიჯარეებისა და საბინაო ასოციაციების უფლებამოსილება გაიზრდება და მათ ექნებათ უფლება, გაასახლონ არადისციპლინირებული პირები. ამასთან, დაგეგმილია პარკებისა და მწვანე სივრცეები განახლება და მეტი უსაფრთხოებისთვის დამატებითი სათვალთვალო კამერების დამონტაჟება.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ასევე სისხლის სამართლის დანაშაული გახდება დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ მათხოვართა უკანონო ქსელის ორგანიზება. ასევე, პოლიციას და ადგილობრივ ხელისუფლებას ექნებათ უფლება, ის პირები, ვინც ბანკომატებთან ან მაღაზიის კართან მათხოვრობენ და აშინებენ მოქალაქეებს ან არეულობას ქმნიან, გადაამისამართონ დროებითი განსახლების ადგილებში, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელეთა რეაბილიტაციის ცენტრებში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმის თანახმად, ახალი წესები თავდაპირველად ინგლისისა და უელსის 16 ზონაში ამოქმედდება.