დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრების პირადი მონაცემები ინტერნეტით გავრცელდა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრების პირადი მონაცემები ინტერნეტით გავრცელდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრების პირადი მონაცემები ინტერნეტით გავრცელდა.

საქმე ეხება მობილურ აპლიკაციას, რომლის უსაფრთხოების სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, ათობით ბრიტანელი პოლიტიკოსის მისამართი და ტელეფონის ნომერი ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. საუბარია „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობისთვის შექმნილ აპლიკაციაზე. დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის ყრილობა დღეს ბირმინჰემში გაიმართება.

როგორც ტელეკომპანია Sky-ი იუწყება, ინტერნეტში მოხვდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის და სხვა მაღალჩინოსნების ტელეფონის ნომრები.

მოგვიანებით, მობილური ტელეფონის აპლიკაციის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ „ტექნიკური ხარვეზი“ უკვე აღმოფხვრილია.

მიუხედავად ამისა ლეიბორისტულმა პარტიამ მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა. მათი თქმით, მოქალაქეები ვერ ენდობიან ხელისუფლებას, რომელსაც „საკუთარი პირადი მონაცემების დაცვაც კი არ შეუძლია“.

ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობით, პირადი მონაცემების გასაჯაროება 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.