დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რომან აბრამოვიჩს შემოსავლების კანონიერების დადასტურებას სთხოვს
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რომან აბრამოვიჩს შემოსავლების კანონიერების დადასტურებას სთხოვს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რომან აბრამოვიჩს შემოსავლების კანონიერების დადასტურებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუს მილიარდერს შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს ვიზის მოქმედების ვადა აღარ გაუხანგრძლივონ. ინფორმაციას „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს არ ნიშნავს, რომ აბრამოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გამოცემა The Bell-o წერს, რომ რუს ბიზნესმენს ე.წ. საინვესტიციო ვიზა ჰქონდა, რომელსაც ვადა გაუვიდა.

აღნიშნულ დოკუმენტს იმ პირებს აძლევენ, ვინც ქვეყნის ეკონომიკაში ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი დააბანდა. ეს ვიზა სამ წელს მოქმედებს და შემდეგ მისი გახანგრძლივება შეიძლება.

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელის ბრიტანეთის ვიზას ვადა აპრილში გაუვიდა. 20 მაისს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ოლიგარქს დიდი ბრიტანეთში ჩასასვლელად ნებართვა აღარ მისცეს. ამის გამო მან ინგლისი თასის გათამაშების ფინალური მატჩი გამოტოვა.

მანამდე ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც რუსი ოლიგარქების მიერ უკანონოდ მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი ბრიტანეთში ხვდება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

დოკუმენტის ავტორები რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზეც ალაპარაკდნენ. ახალი შეზღუდვების შემოღება მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმაც არ გამორიცხა. თუმცა ამ საკითხს ლონდონი ევროკავშირთან შეათანხმებს და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.