დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - დღეს რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“
დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - დღეს რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“

დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეებისთვის რუსეთი ამჟამად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ისლამისტური დაჯგუფებები, როგორიცაა „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ კარლტონ-სმიტმა გამოცემა The Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

გენშტაბის ახალდანიშნული უფროსის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა არ უნდა დატოვოს ეს საფრთხე უყურადღებოდ და საპასუხო ზომებს უნდა მიმართოს.

„რუსეთი ცდილობს, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს ნებისმიერი სისუსტე“, – აღნიშნა ბრიტანელმა გენერალმა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

„არსებობს თუ არა რუსეთში ზღვარი ისეთი გამონათქვამებისთვის, როგორის უფლებაც საკუთარ თავს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უფროსმა მისცა? ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ თავისი ინტელექტუალური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოვლენას. ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ანდობენ ისინი თავიანთი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა ლავროვმა.