დიდი ბრიტანეთის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელიც საქართველომ გამოხატა ბრიტანეთისადმი და მათი ნაბიჯებისადმი, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე რეაგირების კუთხით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი და საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, აღნიშნულ ფაქტს განიხილავენ საერთო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და ხაზს უსვამენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიციის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, ელჩს მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფო, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრიტანეთის დიპლომატიურ ძალისხმევაში.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.