დიდი ბრიტანეთის ბანკმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის ოქროს რეზერვის გაცემაზე უარი უთხრა
დიდი ბრიტანეთის ბანკმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის ოქროს რეზერვის გაცემაზე უარი უთხრა

დიდი ბრიტანეთის ბანკმა ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ვენესუელის ოქროს რეზერვის გაცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკმა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

როგორც Bloomberg-ი წერს, ვენესუელასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ერთნაირი შეხედულებების საფუძველზე, ვაშინგტონი ცდილობს, ვენესუელის საგარეო აქტივები ხუან გუაიდომ გამოიყენოს. აქტივების ნაწილი კი, სწორედ დიდი ბრიტანეთის ბანკში ინახება.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აქტივების დიდი ნაწილის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

დასავლელი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვენესუელ​ის კუთვნილი ოქროს გარკვეული ნაწილი ცოტა ხნის წინ თურქეთში ჩაიტანეს. როგორც უკვე ცნობილია, ოფიციალური ანკარა, რუსეთსა და ჩინეთთან ერთად ნიკოლას მადუროს უჭერს მხარს.

Bloomberg-ი იუწყება, რომ მადუროს ხელისუფლება ოქროს რეზერვის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ბანკთან მოლაპარაკებების დაწყებას ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში ცდილობდა. თუმცა ნიკოლას მადუროს მცდელობა უპასუხოდ დარჩა.

მრავალი წლის განმავლობაში ოქრო ვენესუელის უცხოური აქტივების დიდ ნაწილს შეადგენდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნის ყოფილი ლიდერი, უგო ჩავესი დიდი ხნის განმავლობაში ნავთობს ოქროში ცვლიდა, რადგანაც ამერიკულ დოლარს არ ენდობოდა.