დიდი ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორ FV-432-ს, რომელსაც „ბულდოგს“ უწოდებენ. ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

ბენ უოლესმა უკრაინის დახმარების ბოლო პაკეტს კონფლიქტის დაწყებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა.

„დღევანდელი პაკეტი მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია, რუსეთის ძალების შეკავებიდან უკრაინული მიწიდან განდევნაზე გადავიდეს“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, „ჩელენჯერ 2“-ის გადაცემით, ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას დასავლური ტიპის ტანკებს მიაწვდის.

ამასთან, ბენ უოლესმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვის Leopard-2-ის ტანკების მიწოდებას სხვა მოკავშირეებიც შეძლებენ, მათ შორის პოლონეთი და ფინეთი. მისი თქმით, ეს საკითხი დამოკიდებულია გერმანიაზე, რომელიც არის აღნიშნული ტანკების მწარმოებელი.

ბენ უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთში მომზადებას კიდევ 20 ათასი უკრაინელი სამხედრო გაივლის. კიევი ლონდონისგან მიიღებს ასევე სხვა სახის შეიარაღებასა და აღჭურვილობას, მათ შორის 20 მილიონი ფუნტის ღირებულების დრონებს, 100 ათას საარტილერიო ჭურვსა და ასობით რაკეტას.