დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში ხომალდების უსაფრთხოებისთვის 100 სამხედროს გაგზავნის
დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში ხომალდების უსაფრთხოებისთვის 100 სამხედროს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში თავისი ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის 100 ჯარისკაცს გაგზავნის. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „თაიმსი” წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ომანის სრუტეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა.

როგორც „თაიმსი” წერს, ელიტური ქვედანაყოფის 100 საზღვაო ქვეითი ბაჰრეინში გასულ წელს გახსნილ ახალ ბრიტანულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განთავსდება. ამ ბაზიდან ბრიტანელი სამხედროები, რომლებიც სწრაფი რეაგირების ძალებს ჩამოაყალიბებენ, სპარსეთის ყურეში პატრულირებას განახორციელებენ და ჰორმუზის სრუტით მიმავალ ბრიტანულ სავაჭრო და სამხედრო გემებს დაიცავენ.

13 ივნისს ომანის სრუტეში ორ ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანს დააკისრა.