დიდი ბრიტანეთი სირიის დასახმარებლად 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთი სირიის დასახმარებლად 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი სირიის დასახმარებლად 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აღნიშნული თანხა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ არსებული ვითარების გამოსწორებისთვის დაიხარჯება.

საქმე ეხება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასმელი წყლით, საკვებით, ტანსაცმლით და თავშესაფრით უზრუნველყოფას. ამასთან, დიდი ბრიტანეთი სირიელებს  სამედიცინო დახმარებასაც აღმოუჩენს.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობს. მას შემდეგ საომარ მოქმედებებს 360 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ქვეყანა კი, ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა.

გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტიდან გამომდინარე, 1,5 მილიონი ადამიანი დღეს მუდმივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. 6,2 მილიონი სირიელი დროებით თავშესაფარში იმყოფება, 5,7 მილიონ პირს კი, სამშობლოს დატოვება მოუხდა. მათი დიდი ნაწილი ახლა თავს მეზობელ ლიბანს, იორდანიას და თურქეთს აფარებს.

2012 წლის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ სირიის დასახმარებლად საერთო ჯამში 2,8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო, რაც საკვებით და სასმელი წყლით უზრუნველყოფასთან ერთად სირიელებისთვის 10 მილიონი ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებდა.