დიდი ბრიტანეთი ჩინეთსა და რუსეთს აფრთხილებს, რომ დიქტატურას წინ აღუდგება
დიდი ბრიტანეთი ჩინეთსა და რუსეთს აფრთხილებს, რომ დიქტატურას წინ აღუდგება

დიდი ბრიტანეთი ჩინეთსა და რუსეთს აფრთხილებს, რომ დიქტატურას წინ აღუდგება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დასავლეთმა ერთობლივად უნდა უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს, განამტკიცოს კავშირი ინდო-წყნარი ოკეანეთის დემოკრატიებთან და წინ აღუდგეს გლობალურ აგრესორებს.

მისივე თქმით, გლობალური აგრესორები გათამამდნენ, როგორც ეს „ცივი ომის“ დროს იყო.

„მათ სურთ დიქტატურის ექსპორტი მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, რეჟიმები ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეასა და მიანმარში ყველაზე ახლო მოკავშირეებს პოულობენ მოსკოვსა და პეკინში. დროა, თავისუფალი სამყარო ფეხზე წამოდგეს“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ტრასმა ასევე მოუწოდა პუტინს, უკან დაიხიოს უკრაინიდან, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს. მისივე თქმით, კრემლმა ვერ აითვისა ისტორიის გაკვეთილი.

„უკრაინაში შეჭრა გამოიწვევს საშინელ ჭაობს და ბევრი სიცოცხლის დაკარგვას, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთში კონფლიქტის დროს“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.