დიდი ალბათობით, ილონ მასკი „ტვიტერს“ არ იყიდის — რატომ
დიდი ალბათობით, ილონ მასკი „ტვიტერს“ არ იყიდის — რატომ

ოთხი წლის წინ, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ დააფუძნებდა არაქისის გადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც უორენ ბაფეტის ცნობილ ამერიკულ საკონდიტრო კომპანია See’s Candies-ს გაუწევდა კონკურენციას. შემდეგ მასკმა აზრი შეიცვალა. სულაც არ იქნება გასაკვირი, ასეთივე რამ მოხდეს მასკის 44$-მილიარდიანი გარიგების შემთხვევაშიც, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ყიდვას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ, „ტესლას“ ხელმძღვანელი სრული სერიოზულობით ალაპარაკდა „ტვიტერის“ შესყიდვის შესახებ. აქვს Morgan Stanley-ის ფინანსური მხარდაჭერაც. ხელშეკრულება ითვალისწინებს მილიარდი დოლარის ოდენობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც მასკს ან ტვიტერს მოუწევს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში. ტვიტერის იურისტებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ე. წ. სპეციფიკური აღსრულების პუნქტი, რომელიც თეორიულად მასკს კომპანიის ყიდვას იმ შემთხვევაშიც აიძულებს, თუკი მან ეს გადაიფიქრა. თუმცა, პრაქტიკაში ამის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება პირგასამტეხლოს გადახდით.

მიზეზი კი ნამდვილად არის, რომ მასკმა სოციალური ქსელის გადაიფიქროს. უდიდესი მიზეზია „ტესლა“. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ღირებულება დაახლოებით მეხუთედით შემცირდა მას შემდეგ, რაც მასკმა ტვიტერის შესყიდვის შესახებ განაცხადა; ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ახალი თავგადასავლისთვის, მასკმა შეიძლება წილები გაყიდოს. თუ ტესლას აქციების ღირებულება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და ეს სავარაუდოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ტვიტერთან გარიგება ჩაიშლება, დაბრუნებული 40 მილიარდი დოლარი უფრო მეტ მოგებას მოიტანს, ვიდრე ხელშეკრულების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმა.

სირთულეების მთავარი წერტილია ჩინეთიც. ტესლა მანქანების ნახევარს იქ აწარმოებს, იქიდან იღებს შემოსავლების მეოთხედსაც. თუმცა, ტვიტერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან არ მეგობრობს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პეკინის რეაქციის შემდეგ. ჩინეთს ადვილად შეუძლია ტესლას დაჯარიმება, თუ ტვიტერი ბურთს არ გაუგორებს. ეს კი საკმაოდ არასასიამოვნოა თვითგამოცხადებული „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტისთვის“.

სინამდვილეში, მასკის აბსოლუტიზმი ტვიტერთან გარიგების შემდეგ ალბათ ვერ გადარჩება. ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა რამდენიმე დღის წინ Financial Times-ს განუცხადა, რომ კომპანიამ უნდა გააკონტროლოს უკანონო ან მავნე კონტენტი. აშშ-ში, სადაც მარეგულირებლები ნაკლებად აგრესიულნი არიან, იგივე საფრთხე ადვილად შეუძლიათ შეუქმნან სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა. მაგალითად, Apple-ს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რომელი აპლიკაცია განათავსოს საკუთარ გავლენიან მარკეტში.

ვიდრე ეს ყველაფერი პრობლემა გახდება, მასკს ამ საქმისგან დროულად გაცლას ერთი რაღაც უადვილებს: ბაზარი ამას ნაწილობრივ უკვე ელოდება. ტვიტერის აქციების ღირებულება ამჟამად მისი შეთავაზების ფასზე 11 პროცენტით დაბალია. მასკის ტვიტები, რომლებშიც ის კომპანიის ზოგიერთ ქმედებას აკრიტიკებს და პოტენციურად საფრთხეს უქმნის გარიგებას, უკვე იმაზე მიუთითებს, რომ მას შეიძლება ინტერესი ეკარგება. დიდი ალბათობით, მასკის ყურადღება ახლა უკვე სხვაგან გაიფანტება და ეს სულაც არ იქნება პირველი შემთხვევა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.