დიდებული ამბავი — ახალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ისადმი იმუნიტეტი სულ მცირე რვა თვეს ძლებს #1tvმეცნიერება
დიდებული ამბავი — ახალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ისადმი იმუნიტეტი სულ მცირე რვა თვეს ძლებს #1tvმეცნიერება

შიშები იმის შესახებ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა შეიძლება საკმაოდ სწრაფად ივიწყებდეს კორონავირუს SARS-CoV-2-თან შეხვედრას, საბედნიეროდ, სულ უფრო უსაფუძვლო ხდება. ავსტრალიაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენს იმუნურ სისტემას ინფექციის გადატანიდან რვა თვის შემდეგაც შეუძლია ძლიერი პასუხის გაცემა.

საკმაოდ კარგი ამბავია მათთვის, ვინც შიშობდა, რომ COVID-19-ის ვაქცინები იმდენ ხანს ვერ დაგვიცავს, რომ პოპულაციებში ვირუსის გავრცელების მართვა მოესწროს.

„ეს ნამდვილი შავი ღრუბელი იყო, რომელიც თავს დასტრიალებდა COVID-19-ის ვაქცინებს, მაგრამ ახლა ჩნდება იმედი, რომ ვაქცინებმა გრძელვადიანი დაცვა უნდა უზრუნველყონ“, — ამბობს მონაშის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მენო ვან ზელმი.

მართალია, ჯერ საკმაოდ ადრეა იმის დაზუსტებით ცოდნისთვის, თუ რამდენ ხანს ძლებს იმუნიტეტი ამ კონკრეტული კორონავირუსისადმი, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დრო ჩვენს მხარესაა.

მონაშის უნივერსიტეტის, ალფრედის ჰოსპიტლისა და მელბურნის ბარნეტის ინსტიტუტის მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს COVID-19-ის დიაგნოზის მქონე 25 მოხალისეს სისხლის ნიმუშებს.

თითოეული ნიმუშის საფუძველზე მათ იმუნური სისტემის სტატუსი გაარკვიეს, როგორც ინფექციიდან ოთხი დღის შემდეგ, ისე რვა თვის შემდეგაც.

შედარებისათვის სისხლის ერთი ან ორი ნიმუში აუღეს დაავადების ისტორიის არმქომე 36 სხვა პირსაც.

კოვიდდადებით პაციენტთა ნიმუშები მიუთითებდა, რომ SARS-CoV-2-ის (დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) საწინააღმდეგო ანტისხეულები სიმპტომების გამოჩენიდან 20 დღის შემდეგ მილევას იწყებს; ეს აღმოჩენა დაემთხვა წინა კვლევათა შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ანტისხეულთა დონე სწრაფად ვარდება, განსაკუთრებით COVID-19-ის მსუბუქ შემთხვევებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, იმუნოლოგებს შორის მაინც გაჩნდა შეშფოთება ხელახლა ინფიცირების ტალღების შესაძლებლობის შესახებ.

ანტისხეულები იმუნური სისტემისთვის ერთგვარი „დამნაშავის ფოტოებია“ (ე. წ. მაგშოტი), რომლის საშუალებითაც იმუნური სისტემა წარსულში დანაშაულის ჩამდენთ სწრაფად ცნობს თავს ესხმის, როგორც კი დანაშაულის ხელახლა ჩადენას გაბედავენ.

ზოგიერთი პათოგენის შემთხვევაში, ანტისხეულები ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება. მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ანტისხეულები სხეულში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.

ზოგიერთი პათოგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები კი შედარებით სწრაფად მიილევა. ტეტენუსის შემთხვევაში ისინი ათ წელიწადში ქრება და ვაქცინას საჭიროებს, რათა ისინი სხეულში კვლავ წარმოიქმნას.

ანტისხეულების წარმოქმნაში საკვანძოა სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებსაც მეხსიერების B ლიმფოციტებს უწოდებენ. ეს უჯრედები ორგანიზმში რომელიმე პათოგენის შეჭრისას ჩნდებიან, რათა დამპყრობლის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოქმნან, შემდეგ კი შეუძლიათ ათწლეულების განმავლობაში მიიმალონ, მაგრამ მუდამ მზად იყვნენ, რომ ახალი ანტისხეულები დაუყოვნებლივ წარმოქმნან, როგორც კი შენიშნავენ, რომ წარსულის პათოგენი ხელახლა გამოჩნდა.

იმის გასარკვევად, კიდევ ჰქონდა თუ არა კოვიდგადატანილ იმუნურ სისტემას საკმარისი რაოდენობის B ლიმფოციტები რამდენიმე თვის შემდეგ ამ საქმის გასაკეთებლად, მკვლევრებმა ინფექციაგადატანილთა სისხლის ნიმუშებში სპეციალური მანათობლით დანიშნული SARS-CoV-2-ის ნაწილები შეიტანეს.

ანალიზებმა აჩვენა, რომ თითოეულ კოვიდგადატანილ ნიმუშში საკმაოდ მნიშვნელოვანი პასუხი დაფიქსირდა; ამავე დროს, მკვლევრებმა განსაზღვრეს ისიც, რა სახის მეხსიერების B ლიმფოციტები რეაგირებდნენ ვირუსის სხეულის კონკრეტული ნაწილისადმი.

„შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან გადაჭრით აჩვენებს, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტიები ამ ვირუსის და დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტს ინარჩუნებენ“, — ამბობს ვან ზელმი.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილი ცილები უმთავრესი სამიზნეებია, უნდა ველოდეთ, რომ ვაქცინათა უმეტესობა სულ მცირე რვათვიან იმუნიტეტს გვიბოძებს.

ამის იქით? დრო გვიჩვენებს. იმედია, იმუნიტეტის ხანგრძლივობა მოლოდინებს გადააჭარბებს.

პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიანად ამოძრიკვაზე, საჭიროა, რომ მოსახლეობის სულ მცირე 70 პროცენტს ერთდროულად ჰქონდეს იმუნიტეტი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ვირუსს დასამალად მხოლოდ რამდენიმე ადგილიღა აქვს და შეიძლება მთლიანადაც გაქრეს.

ამ ეტაპზე შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დროის ასეთი მონაკვეთი რვათვიანია. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დრო გვეყოფა.

კვლევა ჟურნალ Science Immunology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.