დიდ დიღომში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება
დიდ დიღომში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლებისა და მეცნიერების ქალაქი – მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება.

მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღეს მონაწილეობა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ბაღი, სკოლა, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი. ასევე, გაიხსნება კომაროვის სკოლის ფილიალი. პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

„უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საფუძველს ჩავუყრით ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება ევროპული სტანდარტების სკოლა, კომაროვის ფილიალი. სკოლას ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ.  მოეწყობა სამეცნიერო ლაბორატორიებიც, ტექნიკური საშუალებები ტექნოლოგიური უნარების განვითარებისათვის, ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, პროექტში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ძირითად ინვესტიციას სახელმწიფო განახორციელებს, თუმცა სამინისტრო მზად არის, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს კერძო სექტორთანაც.