დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება
დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისში,  დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება.

მშენებლობის დაწყებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

მულტიფუნქციური ცენტრი 9 000 კვ.მ. ტერიტორიაზე მოეწყობა და სრული დატვირთვის შემდეგ 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები განთავსდება. ასევე იქნება სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეებს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს. მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად.

ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

დატოვე კომენტარი