დიდ ბრიტანეთში უკრაინის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებსა და ჯეი დი ვენსს შეხვდნენ
დიდ ბრიტანეთში უკრაინის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებსა და ჯეი დი ვენსს შეხვდნენ

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში უკრაინის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

„ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ევროპის უსაფრთხოების მრჩევლებთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მათი უაღრესად კონსტრუქციული მიდგომისთვის. ჩვენი პარტნიორები არამხოლოდ სიტყვიერად გვიჭერენ მხარს, დახმარება გაგრძელდება სამხედრო, ფინანსური და სანქციების სფეროებში, ვიდრე აგრესია არ შეწყდება. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჯეი დი ვენსს ჩვენს ერთობლივ დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ყველა თვალსაზრისის პატივისცემისთვის და საიმედო მშვიდობისკენ მისი ძალისხმევისთვის“, – წერს ანდრეი ერმაკი.

მისივე თქმით, შეხვედრისას უკრაინის პოზიცია ნათელი იყო.

„საიმედო, მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფება, ჩვენი სუვერენიტეტის სრული პატივისცემით და ოკუპაციის აღიარების გარეშე. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, მაგრამ ფრონტის ხაზი საზღვარი არ არის“, – წერს ერმაკი.

შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პარტნიორებმა მოისმინეს უკრაინის არგუმენტები.

მისივე თქმით, ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან კონტაქტები სხვადასხვა დონეზე თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება.

„უკვე იყო ანგარიში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ჩვენი გუნდისგან, ანდრეი ერმაკისგან. მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების წარმომადგენლებს შორის: უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ფინეთი, პოლონეთი. შეხვედრა კონსტრუქციული იყო, ჩვენი ყველა სიგნალი გადაეცათ, ჩვენი არგუმენტები მოისმინეს, საფრთხეები გათვალისწინებულია. უკრაინისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზა ერთად და მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს და ეს ფუნდამენტურია. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს საერთო მიდგომები, ხედვა რეალური მშვიდობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის, ოკუპაციის, ომის დასრულების კონსოლიდირებული პოზიცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც „სიენენი“ ამერიკელ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჯეი დი ვენსის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა „მნიშვნელოვანი პროგრესით“ დასრულდა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ კი განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი რჩება.