დიდ ბრიტანეთში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ბრიტანეთის პოლიციაში განაცხადეს, ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირი სტოკ-ონ-ტრენტში აიყვანეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ტერორიზმის მუხლით იყო ნასამართლევი და ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან.

ეჭვმიტანილი მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ლონდონბრიჯზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ სამართალდამცავებმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული პირების შემოწმება დაიწყეს.

ამასთან, სამართალდამცავთა განმარტებით, დაკავებულ პირსა და ლონდონბრიჯის თავდამსხმელს შორის კავშირი არ არსებობს.

შეგახსენებთ, მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ციხეები ვადაზე ადრე ტერორიზმში ბრალდებულმა 74-მა პირმა დატოვა. მან აღნიშნულში ოპოზიცია დაადანაშაულა. ჯონსონის თქმით, ტერორიზმში ბრალდებულებმა ლეიბორისტების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დატოვეს.

თავად ჯონსონი პირობას დებს, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა შეიცვლება და ტერორისტები სასჯელის ვადას სრულად მოიხდიან.