დიდ ბრიტანეთში სატვირთოს მძღოლს, რომელშიც 39 ცხედარი იპოვეს, ბრალი არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენეს
სატვირთოს მძღოლს, რომელშიც დიდ ბრიტანეთში 39 ცხედარი აღმოაჩინეს, ბრალი არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენეს. 25 წლის მაურის რობინსონი მას შემდეგ დააკავეს, რაც ესექსის საგრაფოში, პოლიციამ მანქანაში 31 გარდაცვლილი მამაკაცისა და რვა ქალის ცხედარი იპოვა.
რობინსონს ბრალი ასევე წაუყენეს ადამიანების ტრეფიკინგსა და ფულის გათეთრებაში. წარმოშობით ჩრდილოირლანდიელი მამაკაცი სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგება.
ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი. მათ ბრალი ასევე არაგანზრახ მკვლელობასა და ადამიანების ტრეფიკინგის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში ედებათ.
მანამდე ტელეკომპანია „ბიბისიმ“ გაავრცელა ცნობა, რომ სატვირთოში ნაპოვნი გარდაცვლილი პირების ნაწილი წარმოშობით ვიეტანამიდან იყო. დაღუპულების ნათესავებმა ჟურნალისტებს ის წერილები აჩვენეს, რომელიც ვიეტნამელებმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მათ სატვირთოს საბარგულიდან მისწერეს.
ახლობლები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთმა გარდაცვლილმა ბრიტანეთში გადაყვანის სანაცვლოდ მძღოლს 30 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. დაღუპულების ასაკი 18-დან 45 წლამდე მერყეობს.
ვიეტნამის საელჩოში განაცხადეს, რომ გამოძიებას თვალყურს ადევნებს და ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები საბარგულში განთავსებულ მაცივარში გაგუდული იპოვეს. სატვირთო ავტომობილი დიდ ბრიტანეთში ბელგიიდან მოხვდა.