დიდ ბრიტანეთში სამი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული არის 17 წლის რუანდელი აქსელ მუგანვა რუდაკუბანა
ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში სამი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული არის 17 წლის აქსელ მუგანვა რუდაკუბანა.
ლივერპულის სასამართლოში გამოჩენის შემდეგ ბრიტანული მედია წერს, რომ ბრალდებული 2006 წლის შვიდ აგვისტოს კარდიფში არის დაბადებული და 2023 წელს საუთპორტის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად.
მოსამართლის დადგენილებით, ეჭვმიტანილი საპატიმროში დარჩება.
საპროცესო და სასამართლო პროცესის მოსამზადებელი მოსმენა 25 ოქტომბერს ლივერპულის სამეფო სასამართლოში დაინიშნა. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, აპირებს თუ არა რუდაკუბანა დანაშაულის აღიარებას სამი ადამიანის მკვლელობაში, ათის მკვლელობის მცდელობასა და მჭრელი საგნის ტარებაში.
აქსელ მუგანვა რუდაკუბანას მშობლები რუანდიდან არიან.
აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვანი ბავშვების მკვლელობაში ბრალდებულის სახელის გასაჯაროება ასაკის გამო სასამართლოს დადგენილებით იყო აკრძალული.
„ინფორმაციის სრული გავრცელების შეზღუდვას აქვს ხარვეზი, რადგან სხვებს ვაკუუმში დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა მოსამართლემ შეზღუდვის მოხსნის დროს.
ტრაგედიამ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ძალადობრივი არეულობა გამოიწვია.
საუთპორტში ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 40-ზე მეტი სამართალდამცველი.
ბრიტანელი პოლიტიკოსები, მათ შორის ქვეყნის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი, ადანაშაულებენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდამჭერებს ისლამურ სალოცავ ადგილზე თავდასხმაში მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი მუსლიმი მიგრანტი იყო.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან 31 ივლისს შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „გააჩერეთ ნავები“, „გადაარჩინეთ ჩვენი ბავშვები“, „ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის დაბრუნება“.