დიდ ბრიტანეთში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია იწყება
დიდ ბრიტანეთში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია იწყება

დიდ ბრიტანეთში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. კამპანიის დაწყებამდე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი უნდა დაითხოვონ, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ბუკინგემის სასახლეში დედოფალს შეხვდება. სწორედ ამის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთკვირიანი პერიოდი ოფიციალურად დაიწყება.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. ახალი პარლამენტის პირველი სხდომა კი 16 დეკემბერს არის ჩანიშნული.

პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს არჩევნების საშუალებით, ბრექსიტთან დაკავშირებით არსებული პრობლემური ვითარებიდან გამოსვლის იმედი აქვს. დამკვირვებლები დარწმუნებულები არ არიან, რომ პრემიერ-მინისტრს ეს გამოუვა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ გამოკითხვებში „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს, გამორიცხული არ არის, რომ უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა მსხვილმა პარტიამ ვერ შეძლოს.

დიდი ბრიტანეთის პარტიებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამები უკვე ჩამოყალიბებული აქვთ. „მწვანეთა პარტია“ ამომრჩეველს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობაში 100 მილიარდი ფუნტის ინვესტირებას ჰპირდება. „ლიბერალ-დემოკრატები“ კი 2,2 მილიარდი ფუნტის მოხმარებას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის გეგმავს.