დიდ ბრიტანეთში მარტიდან გასცემენ პასპორტებს, რომელშიც ევროკავშირი აღარ ეწერება
დიდი ბრიტანეთი ახალი პასპორტების გაცემას მარტიდან დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს საშინაო საკითხთა დეპარტამენტმა გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პასპორტი უკვე აქვთ, უფლება ექნებათ, ისინი ვადის გასვლამდე გამოიყენონ. ახალი პასპორტი ლურჯი ფერის იქნება. ამასთან, დოკუმენტში სიტყვა ევროკავშირი აღარ ეწერება.
ცნობილია, რომ ახალ პასპორტებს პოლონეთში არსებული ფრანგულ-ჰოლანდიური კომპანია დაბეჭდავს. სწორედ ასეთ პასპორტებს გასცემდნენ გაერთიანებულ სამეფოში 1921-1988 წლებში. 1988 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პასპორტებისთვის ერთნაირი დიზაინი გამოეყენებინათ. ძველი პასპორტის დაბრუნების იდეა დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ ბრექსიტის კამპანიის დაწყების დროს დაიბადა.