დიდ ბრიტანეთში დაიწყო კამპანია „იყავი მზად“, რეკომენდაციების მიხედვით, მოქალაქეებმა უნდა მოიმარაგონ წყალი, საკვები, საბნები, ნაღდი ფული, ელემენტებზე მომუშავე ფანარი, დასატენი რადიო
დიდ ბრიტანეთში კამპანია „იყავი მზად“ დაიწყო, რომლის მიზანია ქვეყნის მომზადება კლიმატური კრიზისის, ტექნოლოგიურ სისტემებზე დამოკიდებულებისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისთვის.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, მთავრობის ახალი რეკომენდაციების თანახმად, თითოეულმა ოჯახმა სახლში უნდა იქონიოს სასმელი წყლისა და საკვების სამდღიანი მარაგი, რათა გაუმკლავდეს ექსტრემალურ ამინდს, კიბერსაფრთხეებსა და სხვა სერიოზულ საგანგებო სიტუაციებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ვეს სტრიტინგის განცხადებით, საფრთხეები ჰიპოთეტური აღარ არის და სულ უფრო ხშირად იჩენს თავს ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ბრიტანეთი რუსეთისა და სხვა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის საფრთხისთვისაც უნდა მოემზადოს.
„ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „ჰიბრიდული ომი“ და „ნაცრისფერი ზონის საფრთხეები“ ზუსტად ვერ ასახავს ან არ გადმოსცემს ფართო საზოგადოებისთვის იმას, რასაც მე „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორიზმს“ ვუწოდებ. ამგვარად, ამ საფრთხეების წინაშე, რომლებიც არ არის ჰიპოთეტური, არამედ რეალურია და არა სხვაგან, არამედ სულ უფრო მეტად არის აქ, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ძალისხმევა და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენს ეროვნულ მდგრადობას, ასევე ჩვენს ეროვნულ თავდაცვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვკითხოთ ოჯახებსა და ბიზნესებს, მზად არიან?“ – განაცხადა სტრიტინგმა.
რეკომენდაციების მიხედვით, მოქალაქეებს სახლში ასევე უნდა ჰქონდეთ საბნები, ნაღდი ფული, პირველადი დახმარების ნაკრები, ელემენტებზე მომუშავე ფანარი და დასატენი რადიო. თითოეულმა ადამიანმა დღეში სამი ლიტრი სასმელი წყალი უნდა გაითვალისწინოს, ხოლო საკვების მოსამზადებლად და ჰიგიენისთვის დამატებითი წყლის მარაგიც უნდა ჰქონდეს.