დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან
დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის; მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის და ნომინაციაში – საქართველოს უცხოელი მეგობარი.

აღნიშნული ღონისძიება იმართება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

„აღსანიშნავია, რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ეწვევიან ანსამბლები ესპანეთიდან და სლოვენიიდან. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan, შედგება კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან და დაფუძნდა 2019 წელს, ხოლო ანსამბლი „კვალი“ Kvali (K’vali) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მას ქართველი დიასპორელი ხელმძღვანელობს, რომელიც ანსამბლის განვითარებისთვის და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების საგრანტო პროექტის გამარჯვებულია“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.