DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ემუქრებიან, რათა სააგენტომ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება შეწყვიტოს
DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ემუქრებიან, რათა სააგენტომ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება შეწყვიტოს

დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE-სა და ჩემ წინააღმდეგ ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიზანმიმართულია, შეაფერხოს ჩვენი მუშაობა, – ამ განცხადებას დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სოციალური ქსელებში მუქარის შემცველ ინფორმაციას ავრცელებენ ათენის საარჩევნო საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც გრიგოლ ვაშაძეს ღიად უჭერენ მხარს და წარმოადგენენ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს. როგორც ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს, მის მიმართ მუქარა სისტემატური გახდა, რათა დიასპორულმა საინფორმაციო მაუწყებელმა შეწყვიტოს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE-სა და პირადად ჩემ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია და მედიატერორი, რაც ჩვენი შეფასებით, მიზანმიმართულია, შეაფერხოს ჩვენი მუშაობა და შეგვიზღუდოს აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ევროკავშირის მედიის თავისუფლების ქარტიით.

ჩვენ მიერ გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით, სოციალური ქსელებში ცილისმწამებლური და მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელება ხდება საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენის საარჩევნო საუბნო კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების მიერ. ისინი ღიად უჭერენ მხარს და წარმოადგენენ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და მის შტაბს.

მათ მიერ სისტემური კამპანიის სახე მიიღო პირადად ჩემ მიმართ ღია მუქარამ და შანტაჟმა, რათა დიასპორულმა საინფორმაციო მაუწყებელმა DIASPORA.GE-მ შეწყვიტოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება და ამასთან დისკრედიტაციის მცდელობითა და სიძულვილის ენის გამოყენებით გვაიძულებენ, აღნიშნული საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო ბანერის ჩამოხსნას. ამ ბანერის განთავსება დიასპორულ საინფორმაციო მაუწყებელ DIASPORA.GE-სთვის არათუ აკრაძალულია, არამედ მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დადგენილებებით სავალდებულოც კია, თუ კი მას აღნიშნული შეთავაზებით საარჩევნო სუბიექტი მიმართავს.

ამასთან, აღნიშნული ადამიანების ჯგუფი სოციალურ ქსელებში უკავშირდება ჩემს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, შეურაცყოფენ მათ სახელსა და ღირსებას, ახორციელებენ ბულინგს, რაც მოგეხსენებათ, დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით“, – აცხადება ავთანდილ გიუნაშვილი.

DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი შესაბამისი რეაგირების თხოვნით მიმართავს ცესკო-ს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს, რომ თავის ოჯახის წევრებს საფრთხე არ შეექმნათ.

ამასთან, ავთანდილ გიუნაშვილი აქვეყნებს თანდართულ ფოტოებს, სადაც მისი თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებებია აღბეჭდილი.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელობას, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტს მოახდინონ რეაგირება, რათა არ შეექმნათ საფრთხე ჩემს ოჯახის წევრებს და ახლობლებს აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოებული სიძულვილის ენის გამოყენებიდან გამომდინარე და პირდაპირი და არაპირდაპირი მუქარის შემცველი განცხადებების გამო, რომლებსაც თანდართულად წარმოგიდგენთ“, – აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი.

DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი სოციალური ქსელიდან „სქრინებს“ აქვეყნებს.