დღის სკანდალი - კორონავირუსით დაავადებულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა კარანტინი დაარღვია და რუსეთიდან გაიქცა
დღის სკანდალი - კორონავირუსით დაავადებულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა კარანტინი დაარღვია და რუსეთიდან გაიქცა

სკანდალური სიტუაცია მოხდა საჩოგბურთო ტურნირზე, რომელიც ამ კვირას რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარეობს. მსოფლიოს 49-ე ნომერმა, ამერიკელმა ჩოგბურთელმა სემ კუერიმ ადგილობრივი მთავრობისა და ტურნირის ორგანიზატორების დაუკითხავად დატოვა რუსეთი კერძო თვითმფრინავით მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ჩოგბურთელი სანკტ-პეტერბურგში ცოლთან და რვა წლის ვაჟთან ერთად ჩავიდა. ტურნირის სტარტის წინ, კუერიმ აუცილებელი ტესტირება გაიარა კორონავირუსზე და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ასევე COVID-19 აღმოუჩინეს მის ცოლსა და შვილს.

ჩოგბურთელი ტურნირიდან მოხსნეს და 14-დღიან იზოლაციაში გაუშვეს მდიდრულ სასტუმრო Four Seasons-ში.

სასტუმროს ნომერი, რომელიც კუერის თვითიზოლაციის გასავლელად შესთავაზეს

წესების თანხმად, ამერიკელს კიდევ ერთი ტესტი უნდა გაევლო კორონავირუსზე და ის გააფრთხილეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. როგორც ირკვევა, ჩოგბურთელს შეეშინდა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის, იქირავა კერძო თვითმფრინავი და ოჯახთან ერთად, სასწრაფოდ დატოვა რუსეთი.

ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ კუერი მეზობელ ევროპულ ქვეყანაში გაფრინდა, სადაც აპარტამენტები იქირავა და იქ რამდენიმე დღეს გაატარებს.

კუერის გაქრობა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ტურნირის ორგანიზატორები სამედიცინო შტაბთან ერთად სასტუმროში განმეორებითი ტესტის ჩასატარებლად მივიდნენ.

ჩოგბურთელის ამგვარი საქციელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პროტოკოლის დარღვევაა. ATP-მ უკვე დაიწყო ინციდენტის გამოძიება. კუერის 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ან სამწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.