დღეს ყველაზე დიდი ქართული გოლის ავტორის დაბადების დღეა (ვიდეო)
ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავს, ვიტალი დარასელიას დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა.
ვიტალი დარასელია 17 წლის იყო, როდესაც ოჩამჩირის „ამირანიდან“ საქართველოს საუკეთესო კლუბში ჩაირიცხა და მალე „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი და საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელი ფიგურაც გახდა.
თბილისის „დინამოში“ 1975 წლიდან 1982 წლამდე თამაშობდა (273 შეხვედრა, 40 გოლი). იყო სსრკ– ს ჩემპიონი (1978), ვერცხლისმედალოსანი (1977), სამგზის პრიზიორი (1976 წლის გაზაფხული, 1976 წლის შემოდგომა, 1981), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981 წელი), 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 5- ჯერ დაასახელეს.
თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, იყო თასების მფლობელთა თასის 1981 წლის გათამაშების ფინალის გმირი – 13 მაისის შეხვედრაში, დარასელიამ მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. დარასელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი – ეს გოლი დამსახურებულადაა მიჩნეული თბილისური კლუბისა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად. 1982 წლის 13 დეკემბერს კი რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია, 2018 წელს კი მის საცხოვრებელ სახლზე თბილისში (ანტონოვსკაიას 9 ბ, აქსის პალასის უკან, ყაზბეგის გამზირი) ლეგენდარული ფეხბურთელის მემორიალური დაფა გაიხსნა.