დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება.

დღეს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღასრულებს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

ტაძრის კურთხევას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებენ.

წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ა.წ. აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. მთავრობის მიმართვის შემდეგ, პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა. ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მთავრობამ წელს 694 ათასი ლარი გამოყო.

საქართველოს პირველი არხი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმო გახსნის პირდაპირ ტრანსლაციას 10:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი