დღეს საქართველოს თასის ფინალია - „მიხეილ მესხი არენაზე“ „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება – ერთ-ერთი მთავარი ტიტულისთვის „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა „მიხეილ მესხი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში 7 ნოემბერს ბათუმის „დინამომ“ ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხა. გუნდი ფინალში მეექვსედ გავიდა (1993, 1995, 1996, 1997, 1998), მაგრამ თასი მხოლოდ 1998 წელს მოიპოვა. ბათუმელები ტიტულის დაუფლებას 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეეცდებიან.
„საბურთალომ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს. გუნდი ფინალში ორჯერ გავიდა (2019 და 2021 წლებში) და ორივე შემთხვევაში მოიგო.
საქართველოს თასის პირველი გამარჯვებული 1990 წელს ლანჩხუთის „გურია“ გახდა. ფინალში აქამდე სულ 19 გუნდს უასპარეზია. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის „დინამოა“ – 15 ფინალი და 13 ტიტული.
დანარჩენი გუნდების მაჩვენებელი ასეთია: „ტორპედო“ – 10 ფინალი (5 გამარჯვება), ბათუმის „დინამო“ – 5 (1), „ზესტაფონი“ – 5 (1), „ლოკომოტივი“ – 5 (3), „ამერი“ – 3 (2), „გაგრა“ – 3 (2), „ჩიხურა“ – 3 (1), „სამგურალი“ – 3 (0), „საბურთალო“ – 2 (2), „ცხუმი“ – 2 (0), „სიონი“ – 2 (0), „გურია“ – 1 (1), „დილა“ – 1 (1), „ვიტ ჯორჯია“ – 1 (1), „მეტალურგი“ („გორდა“) – 1 (0), „ოლიმპი“ – 1 (0), „სამტრედია“ – 1 (0), მარტვილის „მერანი“ – 1 (0), „ლოკომოტივი 2“ – 1 (0).