დღეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მეექვსე გაფართოებული სხდომა გაიმართა
დღეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მეექვსე გაფართოებული სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით დღეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მეექვსე გაფართოებული სხდომა გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარე კახა კახიშვილია.

შეხვედრაში საბჭოს წევრი საჯარო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს, ასევე რეფორმის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებაზეც იმსჯელეს.

კახა კახიშვილმა სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესში ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საბჭომ ასევე დეტალურად განიხილა რეფორმის ახალი, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 70-ზე მეტ ღონისძიებას ითვალისწინებს. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობით, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში სახელმწიფო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტებმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიზანი ექვსი ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესის გაუმჯობესება, ესენია – პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების განვითარება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

დატოვე კომენტარი