დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება

09:03, 03.10.2026

დღეს, 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.

ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ და „ძლიერი საქართველო – ლელოდან“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა.

საარჩევნო პროცესს აკვირდება შვიდი ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ.

ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. 3 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი.

მსგავსი