დღეს, ნიდერლანდებში სასამართლო პროცესი იწყება - ქართველი ინვესტორი „დენ ბოსხისგან“ თანხის დაბრუნებას ითხოვს #1TVSPORT
დღეს, ნიდერლანდებში სასამართლო პროცესი იწყება - ქართველი ინვესტორი „დენ ბოსხისგან“ თანხის დაბრუნებას ითხოვს #1TVSPORT

ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და კახი ჟორდანიას იმედისმომცემი გარიგება მწვავე დაპირისპირებით გაგრძელდა და სასამართლოში დასრულდება, პროცესი კი დღეს, 9 მარტს დაიწყება, – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა omroepbrabant ავრცელებს.

„2018 წლის ივლისის ბოლოს „დენ ბოსხმა“ საზეიმოდ გამოაცხადა: კახი ჟორდანიასთან კლუბის გადაცემაზე შეთანხმდნენ. გეგმები ამბიციური იყო, დასაწყისი – იმედისმომცემი. მაგრამ ეს ყველაფერი იყო. ახლა, მოკლე და არაოფიციალური ქორწინების შემდეგ, გაყრის პროცესი დაიწყო. პომპეზურობითა და საზეიმო დაპირებებით სავსე ზღაპრის წიგნში მოულოდნელად შავი გვერდი გაჩნდა. და ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე გვერდი, რადგან ოცნება დაინგრა“, – წერია ნიდერლანდურ გამოცემაში.

omroepbrabant სასამართლოს და სარჩელის დეტალებზე წერს.

„სამშაბათს არის დანიშნული სასამართლო პროცესი, სადაც ორივე მხარე ფულს ითხოვს – ქართველის მოთხოვნა თითქმის ორი მილიონი ევროს დაბრუნება ან საფეხბურთო კლუბის გადაცემაა. თავის მხრივ, „დენ ბოსხს“ სურს, რომ მისგან ასიათასობით ევრო მიიღოს“.

ჟორდანიას მისვლის შემდეგ კლუბის გულშემატკივრებს სულ უფრო მეტად სჯეროდათ, რომ ამბიციები აღარ იყო მხოლოდ სიტყვები. გაძლიერების წყალობით, „დენ ბოსხი“ 2018 წლის ზამთრის შესვენებამდე პირველი ლიგის ლიდერი გახლდათ.

მაგრამ სანამ მინდორზე მიდიოდა ბრძოლა ქულებისა და ერედივიზიეში გადასვლისთვის, უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა მოედნის მიღმა დაიწყო. ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ კახი ჟორდანიას „მწვანე შუქი“ არ აუნთო და ჟორდანიას გეგმებს ხაზი გადაუსვა. მიზეზად ფულის გათეთრების ეჭვი გახდა.