დღეს მსოფლიო ხელოვნებისა და ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე აღინიშნება
დღეს მსოფლიო ხელოვნებისა და ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე აღინიშნება

15 აპრილს მსოფლიო ხელოვნებისა და ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე აღინიშნება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობდა საგანმანათლებლო-მულტიმედიურ გამოფენას „ლეონარდო Opera Omnia“, რომელიც გამოფენის დახურვამდე 19 216-მა დამთვალიერებელმა იხილა.

გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები.

პროექტის „ლეონარდო – Opera Omnia“ ფარგლებში, ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციები დაეთვალიერებინათ. საექსპოზიციო სივრცეში 27 თებერვლიდან მარტის ბოლომდე ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის, რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული ასლები გამოიფინა.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში.

ლეონარდო და ვინჩი რენესანსის ეპოქის არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი და მხატვარი იყო.

ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს ფლორენციასთან ახლოს, ანკიანოში დაიბადა. 470 წელს ლეონარდო ფლორენციის მხატვართა გილდიაში გაწევრიანდა.1478 წელს ფლორენციის სინიორიამ ახალგაზრდა ლეონარდოს პალაცო ვეკიოს სან ბერნარდოს კაპელისთვის სურათის დახატვა მიანდო, ნამუშევარი ამჟამად დაკარგულია. 1481 წელს ლეონარდოს საკურთხევლის სურათის „მოგვთა თაყვანისცემის” დახატვა შეუკვეთეს. უფიცის გალერეაში დაცული ეს ნამუშევარი დაუმთავრებელი დარჩა, ვინაიდან მხატვარმა მილანის მთავრის, ლუდოვიკო მოროს მიწვევა მიიღო და საცხოვრებლად მილანში გადავიდა. სწორედ მოროს სასახლის კარზე ყოფნისას, შექმნა ლეონარდომ ცნობილი ფრესკა „საიდუმლო სერობა” სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოსთვის. იმავე პერიოდში ლეონარდო საინჟინრო საქმიანობას ეწეოდა და თეატრალური სანახაობების გაფორმებაზეც მუშაობდა.

ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი.

დღესდღეობით, ლეონარდო და ვინჩის მხოლოდ ოცამდე ფერწერული ნამუშევარია შემორჩენილი. ზოგიერთი მათგანი დაკარგულია, ზოგი – დაუმთავრებელი, ზოგიც შექმნის პროცესშივე დაზიანდა.

დატოვე კომენტარი