დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება
დღეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

დღეს მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება. მას მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე გახსნის. კონფერენციაზე, მოსამართლეები დამოუკიდებელი ინსპექტორის – ქეთევან ცინცაძის გაწეული საქმიანობის ერთწლიან ანგარიშს მოისმენენ. ქეთევან ცინცაძე აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის 20 ნოემბრიდან იკავებს. მისი ფუნქცია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ანგარიშში ყურადღებას გაამახვილებს სტატისტიკაზე, თუ რამდენი მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი, ასევე საუბარი შეეხება, ინსპექტორის საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო მხარდაჭერას, აპარატის მიმართ.

დღევანდელ კონფერენციაზე ბოლო საკითხად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის საკითხია ჩანიშნული. აღნიშნული პოსტი, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა რამდენიმე წლის წინ, სასამართლოს თავმჯდომარეობასთან ერთად, საკუთარი სურვილით დატოვა. მოსამართლეთა კონფერენცია, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, ამავე საბჭოს ხუთწევრიანი შემადგენლობიდან, სამი წლის ვადით ირჩევს.​ თავმჯდომარეს ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.