დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. 2010 წელს 5 დეკემბერი კონკურენციის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და რომელსაც საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.

„დღეს, 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კოვიდ19-ის გამო შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, დაგეგმილი რიგი აქტივობები ვერ განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, კონკურენციის სფეროში მოღვაწე საზოგადოება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

მიუხედავად პანდემიური ვითარებისა 2020 წელი საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის გამორჩეულია – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მათი მხარდაჭერით იქნა მომზადებული, შედეგად დღეს საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა.

გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კიდევ ორი კანონპროექტი, რომლის აღსრულებაც 2021 წლიდან საააგენტოს ეკისრება – „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონი“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დავების განხილვის საბჭო კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში გადმოდის.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გაზიარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში ასახვა, რაც შედეგზე ორიენტირებული, სწრაფი, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას, ვინც კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და კერძო სექტორის, მედიისა და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: საერთაშორისო კონკურენციის ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; სოფიას კონკურენციის ფორუმი; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია. 2014 წლიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მათ შორის, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადდა კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ასევე, 2015 – 2019 წლები საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა 30-მდე მემორანდუმი -საჯარო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, დარგობრივ მარეგულირებლებთან და კონკურენციის საერთაშორისო უწყებებთან.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს აღდგენიდან, 2014–2020 წლებში – განხორციელდა 15 ბაზრის მონიტორინგი, 30 მოკვლევის საქმე, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა 11 თანხმობა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 ბაზრის მონიტორინგი და 3 საქმის მოკვლევის პროცესი.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.