კომპანია „მეტა“ ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება სოციალური ქსელების მონოპოლიზაციის ბრალდებით
კომპანია „მეტა“ სოციალური ქსელების მონოპოლიზაციის ბრალდებით ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. კომპანიას სოციალური პლატფორმების, „ინსტაგრამისა“ და „ვოთსაპის“ შეძენით ბაზარზე არსებული კონკურენციის უკანონოდ აღმოფხვრას ედავებიან.
აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიას (FTC) სურს, რომ „მეტამ“ წლების წინ განხორციელებული შესყიდვა გააუქმოს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესზე აპელაციებს ორივე მხარე წარადგენს, პროცესი, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაიწელება.
საქმის მოსამართლედ ჯეიმს ბოასბერგი დაინიშნა, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წელს „მეტას“ წინააღმდეგ ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ წარდგენილი სარჩელი არადამაკმაყოფილებლად ცნო, თუმცა ამჯერად კომისიამ სარჩელის დარეგისტრირება შეძლო.
2021 წელს წარდგენილ სარჩელში ანტიმონოპოლიური სამმართველო აცხადებდა, რომ კომპანიამ ბოროტად ისარგებლა ბაზარზე არსებული გავლენით, რათა შეეძინა „ინსტაგრამი“ და „ვოთსაპი“, ვიდრე ისინი მისი კონკურენტები გახდებოდნენ.
„მეტამ“ „ინსტაგრამი“ 2012 წელს – დაახლოებით მილიარდ დოლარად, „ვოთსაპი“ კი 2014 წელს 22 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა სავაჭრო კომიტეტმა ეს შესყიდვა იმ დროს დაამტკიცა.
კომპანია „მეტაში“ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პლატფორმა „ტიკ ტოკი“ რომელიც ჩინური კომპანიის მფლობელობაშია, ბაზარზე ადეკვატურ კონკურენციას აწარმოებს.