დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გადაეცემა, ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი, ან დაკავებულებისთვის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატის განცხადებით, შუამდგომლობითაც მიმართავს სასამართლოს. ნემსიწვერიძის განმარტებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე მის შუამდგომლობას გაიზიარებს.

„დღეს განიხილება პროცესზე, საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა, თუ განიხილავს სასამართლო. იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ გადაეცემა ნაფიც მსაჯულებს, უნდა გადაწყდეს საქმის გადაცემის საკითხი სასამართლოსთვის, ან ზოგადად სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხი. ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა, რომ სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს, თუმცა მოლოდინი, რომ სასამართლო ამას გაიზიარებს, არ გვაქვს. პოზიციას საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის საქმის გადაცემასთან დაკავშირებით დღეს პროცესზე დავაფიქსირებთ“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.