დღეს ფოთის ცენტრალურ პარკში გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაიმართება
დღეს ფოთის ცენტრალურ პარკში გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაიმართება

დღეს ფოთის ცენტრალურ პარკში გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა, სადაც 29 ქვეყნის (ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა + საქართველო) სტენდზე, წარმოდგენილი იქნება თითოეული ქვეყნის მოკლე ისტორია და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, შეიტყონ იმის შესახებ, როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აგრეთვე, გაიმართება ტრადიციული კერძების, ტრადიციული სამოსისა და სუვენირების პრეზენტაცია.

„ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ევროპასთან საქართველოს კულტურული დაახლოების ხელშეწყობა და მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ევროინტეგრაციის პროცესში“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და ნახატების გამოფენა.

ევროპის დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.