დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ამ დღეს ომის ვეტერანები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. თუმცა წელს, პანდემიის გამო, შეზღუდვები მოქმედებს. 22 მაისის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია დაწესებული, რა დროსაც იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

„9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ“, – ამის შესახებ შსს-მ გაავრცელა განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.