ევრობასკეტის წილისყრა პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე - ღონისძიებას დირკ ნოვიცკისთან ერთად ვიქტორ სანიკიძე გაუძღვება [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტის წილისყრა პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე - ღონისძიებას დირკ ნოვიცკისთან ერთად ვიქტორ სანიკიძე გაუძღვება [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართება. კოვიდ-პანდემიის გამო, ფიბა-ს გადაწყვეტილებით, ცერემონიალს, რომელიც ბერლინის Verti Music Hall-ში ევროპული დროით 13:00 (თბილისის დროით 15:00) საათზე დაიწყება, შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი ეყოლება. მისი პირდაპირ ეთერში ხილვა შეგიძლიათ პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე.

ცერემონიალს ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – გერმანიის, საქართველოს, იტალიისა და ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტი 2022-ის გერმანელი ელჩი დირკ ნოვიცკი და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე.

ევრობასკეტი 2022-ში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდებიან. თითო ჯგუფს თითო ქვეყანა უმასპინძლებს – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი. ამ ქვეყნის ნაკრებები ჯგუფებში თავიდანვე განაწილდებიან და წილისყრის შედეგად, თითოეული ჯგუფი 6 გუნდამდე შეივსება.

ევრობასკეტის თითოეულ მასპინძელს პარტნიორი ქვეყნის (ფედერაცია) არჩევა შეეძლო, რომელიც მასპინძლის ჯგუფში იასპარეზებს. ეს პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა.

გერმანიამ პარტნიორად აირჩია ლიეტუვა, იტალიამ – ესტონეთი, საქართველომ – თურქეთი და ჩეხეთმა – პოლონეთი.

მონაწილე გუნდები კალათებში კომპანია NIKE-ის წარმოდგენილ ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად განითესენ. საქართველო, როგორც ევროპულ რეიტინგში მე-18 ადგილოსანი, მე-4 კალათაშია.

I კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი.

II კალათა: ლიეტუვა, რუსეთი, იტალია, ჩეხეთი.

III კალათა: პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი, სლოვენია.

IV კალათა: გერმანია, უკრაინა, ფინეთი, საქართველო.

V კალათა: ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი.

VI კალათა: ბოსნია, ნიდერლანდები, ესტონთი, ბულგარეთი.

ამ კალათების საფუძველზე წილისყრის წინ ექვსის ნაცვლად რვა კალათი შეიქმნება. პირველში განთავსდება მასპინძელი ნაკრებები. მეორეში – მასპინძლების მიერ არჩეული გუნდები.

ეს რვა ნაკრები  წინასწარ შედგენილი კალათებიდან ამოვარდებიან და მივიღებთ ასეთ სურათს:

I მასპინძელთა კალათა: საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი.

II პარტნიორთა კალათა: თურქეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი.

III კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი.

IV კალათა: რუსეთი.

V კალათა:  ხორვატია, სლოვენია.

VI კალათა: უკრაინა, ფინეთი.

VII კალათა: ბელგია, უნგრეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი.

VIII კალათა: ბოსნია, ნიდერლანდები, ბულგარეთი.

ცნობილია, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ჯგუფში ითამაშებენ თურქეთი (პარტნიორი ქვეყანა) და რუსეთი. ეს უკანასკნელი საქართველოს ჯგუფში ბუნებრივად მოხვდა, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ IV კალათის დანარჩენი სამი წარმომადგენელი წილისყრისას ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებოდა: იტალია და ჩეხეთი თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვა პარტნიორად გერმანიამ აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს (პლეი ოფის თამაშებს) გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

ფინალური ეტაპი მერვედფინალიდან იწყება, რომელშიც ოთხი ჯგუფის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა.