ბასილაშვილი დღეს რომის „მასტერსზე“ გამოსვლას დაიწყებს - მატჩი იტალიელ სონეგოსთან 16 საათზე დაიწყება
ბასილაშვილი დღეს რომის „მასტერსზე“ გამოსვლას დაიწყებს - მატჩი იტალიელ სონეგოსთან 16 საათზე დაიწყება

ორშაბათს, 14 სექტემბერს რომში იწყება „მასტერსის“ სერიის ტურნირი, რომელიც როლან გაროსისთვის მთავარ რეპეტიციად განიხილება.

პირველ სათამაშო დღეს საქმეში ვიხილავთ ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომლის მეტოქე იქნება იტალიელი ლორენცო სონეგო. აპენინელი 47-ე ადგილს იკავებს მსოფლიო კლასიფიკაციაში.

ბასილაშვილი მესამედ ითამაშებს რომის „მასტერსზე“. წინა ორ შემთხვევაში ქართველი მინიმუმ ორი მატჩის მოგებას ახერხებდა იტალიის დედაქალაქში, თუმცა 2020 წელს ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია – ამ მომენტისთვის მას ხუთმატჩიანი წაგებათა სერია აქვს, სულ კი მიმდინარე სეზონზე 14 მატჩში მხოლოდ ოთხი მოგება აქვს.

რაც შეეხება სონეგოს, მას გრუნტზე საგამოფენო ტურნირებში ათმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, თუმცა, ცინცინატის „მასტერსზე“ და აშშ-ის ღიაზე პირველ წრეში წააგო შესაბამისად, ტენის სანგრენთან და ადრიან მანარინოსთან.

ეს იქნება ამ ჩოგბურთელთა პირველი შეხვედრა პროფესიულ ტურში. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

მათ შორის გამარჯვებული რუს კარენ ხაჩანოვსა და ნორვეგიელ კასპერ რუუდს შორის მოგებულს შეხვდება.